Sunday, June 29, 2014

ტრენინგის თვითშეფასების ანგარიში

ა    ნ    გ    ა    რ    ი   შ   ი
19–20,  26–27 ოქტომბერი; 2–3, 9–10, 16 ნოემბერი, 2013 წელი

     1.     ტრენინგი
          ·     ტრენინგის დასახელება: ინტელის სასწავლო კურსი;
 · ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი;  ტრენერი–დათო ჯანიაშვილი;
        ·    ტრენინგის ჩატარების ადგილი:  ქ. ახალციხე,  №1 საჯ. სკოლა;
        ·     ტრენინგის ხანგრძივობა: 36 სთ  (9 დღე/თითოეულ დღეს 4სთ).
    2.     მიზანი  და ამოცანები
მიზანი: 
· ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტების შექმნა, მათი მომზადებისათვის საჭირო სავარაუდო  დროის განსაზღვრა;
· ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტურად გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად;
·     პროექტების გამოყენება  სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის, სტანდარტის მიღწევისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის.
ამოცანები:
·                 ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა;
·         პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად;
·             პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა;
·         პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა;
·         პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად;
·         რეფლექსია სწავლაზე;
·         ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
      3.     რეზიუმე
  ტრენინგის პირველ დღეს, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ ტექნიკური პარამეტრების დაყენება, რომელიც მუდმივად პრობლემას მიქმნიდა. საინტერესო იყო ინტელის პროგრამაში მუშაობის წესების გაცნობა-შესწავლა.   
  ტრენერის მიერ შექმნილი Google-ს ჯგუფში  გაწევრიანებისა და მის მიერ ამ ჯგუფის მნიშვნელობის ახსნის შემდეგ მივხვდი, თუ როგორ დამეხმარება ასეთივე ჯგუფის შექმნა მოსწავლეებთან პროექტზე მუშაობის დროს. ჩემი აზრით, ეს საუკეთესო სივრცე იქნება ერთმანეთთან ურთიერთობისთვის, თანამშრომლობისა და აზრთა გაზიარებისთვის, უკუკავშირისთვის.  მუდმივად მესმოდა 21-ე საუკუნის უნარები....  ეს უნარები Inteli-ს პროგრამაში თვალსაჩინოდაა გაშიფრული. უკვე კარგად მივხვდი, რომელი უნარების განვითარება დაეხმარება მოსწავლეებს თავიანთი თავის დამკვიდრებაში. გავეცანი სხვადასხვა სახის შაბლონებს, რომელიც პროექტზე მუშაობას გამიადვილებს.
  მესამე დღეს საშინაო დავალების მიმოხილვის შემდეგ გადავედით სასწავლო მიზნებსა და ამოცანებზე. სასწავლო პროექტის დაგეგმვაში სწორედ ეს ეტაპია ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ამ ეტაპზე ხდება მოსწავლეთა მიერ შესასწავლი საკვანძო საკითხების გამოვლენა, გავიაზრე, რომ სასწავლო მიზნები უნდა იყოს სპეციფიკური, სწავლაზე ორიენტირებული და პირდაპირ და უკუკავშირში ესგ–ის სტანდარტებთან, და არა ბუნდოვანი და დავალებაზე ორიენტირებული. გავარჩიე სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა და ბლუმის განახლებული ტაქსონომია, რომლებიც სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებაში დიდ დახმარებას გამიწევს.
  მოვახდინეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება (ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი). შეკითხვების დასმა ხომ ხელს უწყობს სწავლის პროცესს, მოსწავლეების ინტერესი–ეძებონ პასუხები საინტერესო კითხვებზე, უვითარებს მათ დამოუკიდებლად სწავლის უნარს. 
  ტრენინგის ყოველ დღეს პროექტის გეგმის დახვეწაზე ვმუშაობთ. მოვისმინეთ ჯგუფის წევრების მიერ შედგენილი ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები და ტრენერთან ერთად გავმართეთ დისკუსია ამ თემაზე. ვფიქრობ, ერთმანეთს ძალიან დავეხმარეთ.
  მოდული 2–ში მოცემული საკითხავი მასალის მიხედვით ვიმსჯელეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდზე და შეფასების მნიშვნელობაზე.
  ტრენინგზე კიდევ უფრო ღრმად დავრწმუნდი იმაში, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლის განმავლობაში მრავალჯერადი და სხვადასხვა სახის შეფასებები და თვითშეფასებები მოსწავლეთა საჭიროებების, მიღწევებისა და პროგრესის დადგენაში დამეხმარება.
  ჩვენს მიერ სახლში მომზადებული პროექტის იდეის პუბლიკაცია/საგაზეთოსტატია გამოვაქვეყნეთ  და ერთმანეთს გავუზიარეთ.
  ტრენინგზე პროექტის გეგმის შუალედური პრეზენტაციებით გავეცანით კოლეგების სამუშაო პროცესს,  ჩვენც მივეცით  და მათგანაც მოვისმენეთ რჩევები.
    ტრენინგზე  განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და მის მნიშვნელობაზე, დავალებად კი შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის გაკეთება დაგვევალა.
  ტრენინგის მეექვსე დღეს შეფასების დროის ჩარჩოს მიხედვით დავხვეწე შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზის აღწერა. მსვლელობისას მივხვდი, რომ დროის ჩარჩოში იყო რაღაც ზედმეტი, ზოგიერთი რამ კი მოითხოვდა დამატებას, ამიტომ ცვლილებების შეტანა მომიხდა მთლიან გეგმაში. Intel-ის ძირითადი კურსის მთავარი უპირატესობაც სწორედ ისაა, რომ გვასწავლოს ასეთი სტილით მუშაობა, ყველა ეტაპზე დაგვანახოს მრავალფეროვანი შეფასებების აუცილებლობა და მორგებულად გამოყენების შესაძლებლობა, რათა პროექტი თანდათან დაიხვეწოს და დასრულებული ვარიანტი სრულყოფილი იყოს.
 ჩვენი პროექტის შუალედური პრეზენტაციები ავტვირთეთ Google drive–ში და გავაზიარეთ ჯგუფში, რის შემდეგაც მისი ბმული ჩავსვით რეფლექსიის ბლოგზე. თითოეულს დაგვევალა კომენტარების გაკეთება სულ მცირე ჯგუფის სამი წევრის პრეზენტაციაზე. კომენტარის გაკეთებისას ვცდილობდი ,,კრიტიკული მეგობრის" როლი შემესრულებინა.
 დაგვევალა მოსწავლის როლში შესვლა და  ერთი დასრულებული სავარაუდო ნამუშევრის შექმნა. ამასთანავე დაგვევალა შეფასების დროის ჩარჩოში მითითებული ყველა რუბრიკის თუ სქემის შექმნა.
  საშინაო დავალების შესრულება საკმაოდ შრომატევადი, თუმცა სახალისო და შემოქმედებითი იყო.   ვფიქრობ, საინტერესო პრეზენტაცია გავაკეთე, თუმცა გამორიცხული არაა და უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ მოსწავლის ნამუშევარი გაცილებით უკეთესი და ორიგინალური იქნება.
  მეშვიდე დღეს წარმოვადგინეთ ჯგუფში ჩვენი ნამუშევრები და  გავაკეთეთ ზეპირი კომენტარები. უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს ხომ სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც გასცემს და მათთვისაც, ვინც იღებს მას.
  შევიმუშავე აგრეთვე შეფასების რუბრიკები, რათა პროექტის ყველა ეტაპზე მოსწავლე გრძნობდეს, რომ მას აკვირდებიან, აფასებენ, ასწავლიან, მითითებებს აძლევენ და ა. შ.
  ტრენინგის მერვე დღე მთლიანად დიფერენცირებულ სწავლებასა და სასწავლო პროცედურებზე მუშაობას დავუთმეთ.
  ჩემს სასწავლო პროექტში მოვიფიქრე ისეთი აქტივობები, რომელიც დაეხმარება სპეციალური საჭიროებებისა და მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებს, თავი კომფორტულად იგრძნონ პროექტზე მუშაობისას.
  ამავე დროს გავაკეთე პროექტის დეტალური მსვლელობა, სასწავლო პროცედურები, სადაც გავითვალისწინე ყველა პუნქტი, რაც გეგმაში მქონდა გათვლილი. ვეცადე, უყურადღებოდ არ დამრჩენოდა არცერთი ნაბიჯი, არცერთი უკუკავშირი, რაც მივიღე ტრენერისგან.
  ბოლოს მოვახდინეთ დასრულებული პროექტის პრეზენტაცია და განვათავსეთ ინტერნეტსივრცეში.


       4.     ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება:
  Intel-ის პროგრამის გაქართულება რომ ხდებოდა, ამ ინფორმაციას ვფლობდი ბატონი კახა ჟღენტისგან მასწავლებლის სახლში კონფერენციაზე ყოფნის დროს და ამ ტრენინგს  ველოდი დიდი მოლოდინით.
  პროექტებზე მუშაობა მოსწავლეთა საბოლოო შედეგებზე გასასვლელად ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, მიკეთებია პროექტებიც, მაგრამ აქ განხილულმა უამრავმა რესურსმა საშუალება მომცა, უფრო კარგად დამელაგებინა ყველა მასალა და მესწავლე, როგორ შემექმნა პროექტის პორტფოლიო.
   Google drive–ში სხვადასხვა სახის ტესტებისა და სავარჯიშოების შედგენის ფორმების გაცნობამ და Google–ს ჯგუფის შექმნამ მაფიქრებინა, რომ მოსწავლეებს ინტერნეტსივრცის ამ შესაძლებლობის გამოყენებით ინტერესი გაუღვივდებათ, რადგან სოციალური ქსელებით ურთიერთობა დღეს მათთვის ყველაზე კომფორტულია. ამავე დროს მოსწავლეებისთვის შეიქმნება  ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო გარემო, სადაც მათ ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება და საგანმანათლებლო მიზნების დასახვაში, სწავლის პროცესის მართვასა და პროგრესის შეფასებაში აქტიური მონაწილეობის მიღება შეეძლებათ. გონივრულად გამოყენებული ტექნოლოგიები კი მართლაც რომ  კარგი საშუალებაა სწავლის ხელშესაწყობად.
  ვიცოდი, რომ სწავლის შედეგების სხვადასხვა სახით შეფასება ეფექტური სწავლების დაგეგმვის  დიდ შესაძლებლობას ქმნის, მაგრამ ინტელის ტრენინგზე უფრო დაწვრილებით  გავეცანი შეფასების მრავალფეროვან სისტემას, რომლის გამოყენებითაც
შევძლებ განვსაზღვრო, რა ცვლილებები შევიტანო სასწავლო პროცესში, განმავითარებელი შეფასებები და თვითშეფასებები მოსწავლეებს უფრო თავდაჯერებულს და დამოუკიდებელ შემსწავლელებს გახდის და თვითრწმენას გაუჩენს. უკეთესად გავაცნობიერე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში და თანატოლთა ურთიერთშეფასება, ისევე როგორც მე ვგრძნობ რამდენად აუცილებელია ჩემი განვითარებისათვის ჩემი კოლეგების სწორი შეფასება და ურთიერთშეფასება.
  მოსწავლეები შესაძლებლობების გარდა ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინტერესების, პიროვნული თვისებების, სწავლის სტილის მიხედვით. ამ ტრენინგის შემდეგ უკეთესად გავაცნობიერე, თუ მუდმივად ვიმუშავებ მოსწავლეთა შორის განსხვავებების გამოვლენაზე, გავითვალისწინებ მოსწავლეთა საჭიროებებს და მოვიფიქრებ, როგორ ჩავრთო ყველა მოსწავლე თემაზე წარმატებით მუშაობაში, სტანდარტით განსაზღვრულ შედეგებს და მიზნებს ყველა მოსწავლე მიაღწევს, რადგან ყველას ექნება შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი სასწავლო პოტენციალი.
  მაქვს გაკეთებული პროექტების და სხვადასხვა აქტივობების ბლოგები, მაგრამ ბლოგის შექმნა ტრენინგის ყოველი დღის რეზიუმესა და რეფლექსიის გასაკეთებლად ჩემთვის ახალი და მოხერხებული იყო. მოსწავლეებთან პროექტებზე მუშაობისას ასეთივე ბლოგის შექმნა მათაც და მეც კომენტარების გაკეთებასა და დასმულ კითხვებზე პასუხების მიღებაში ძალიან დაგვეხმარება.  ხშირი რეფლექსიები და სასწავლო პროცესის ანალიზის განუწყვეტელი პროცესი, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებას, ჩვენ კი დაგვეხმარება სწორი ორგანიზება გავუკეთოთ პროექტს. უკუკავშირი ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის აუცილებელი და მნიშვნელოვანი კომპონენტია. კარგად ჩამოყალიბებულ უკუკავშირს ხომ სარგებელი მოაქვს მისთვის, ვინც გასცემს და მათთვისაც, ვინც იღებს მას. მოსწავლეები კი უკუკავშირის პროცესში უკეთ აყალიბებენ მოსაზრებებს და პასუხობენ შეკითხვებს.
  არასოდეს მიფიქრია, რომ მოსწავლის როლში წარმომედგინა საკუთარი თავი. აღნიშნულ ტრენინგზე იმ ფაქტმა, რომ მოსწავლის გზა უნდა გამევლო და შემექმნა პროდუქტი ნებისმიერი სახით, დეტალურად დამანახა, თუ რა გზამკვლევები, შაბლონები თუ მითითებები იქნება რეალურად საჭირო მოსწავლისათვის, ანალოგიური სამუშაო რომ ჩაატაროს. ეხლა უკვე კარგად ვიცი მოსწავლე რას გრძნობს, როგორი ემოციები აქვს,  რამდენ ენერგიას ხარჯავს, როგორი მოტივირებულია, როგორ ვითარდება შემოქმედებითად და როგორ ელოდება თანატოლთა და ხელმძღვანელის შეფასებებს, როგორ ეჩვევა ფიქრს და ანალიზს, როგორ უვითარდება საკუთარი ძალების რწმენა.  
   ტრენერის მაგალითმა ნათლად დამანახა, როგორი უნდა იყოს მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი პროექტის მსვლელობისას, რომ პროექტზე მუშაობა მოსწავლეთათვის საინტერესო, მიზანმიმართული და დამოუკიდებლად მუშაობის სურვილის აღმძვრელიც და მიწოდებული დამხმარე რესურსებით ასე მუშაობის გამმარტივებელიც იყოს.
   Intel–ის პროგრამაში მოცემული უამრავი დამხმარე რესურსი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ამიერიდან ჩემს მიერ დაგეგმილი პროექტები იყოს მაქსიმალურად დახვეწილი, გამართული და მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებული. 

  ახლა უკვე შემიძლია მოდულის თავში დასმულ მთავარ კითხვას თამამად ვუპასუხო, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესისა  და მოსწავლეთა სწავლის ხელშესაწყობად.

     Intel-ის ტრენინგი  საინტერესო, შინაარსიანი  და საქმიანი ტრენინგი იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდ შრომას, ენერგიას და დროს მოითხოვდა, მაინც დიდი სიამოვნება მივიღე ასეთი სტილით მუშაობისას. ეს ტრენინგი და თვითონ ინტელის საკითხავი მასალა თავისი რესურსებით პროექტებზე მუშაობისას ყოველთვის ,,სამაგიდო წიგნი" და ,,ერთგული მეგობარი" იქნება ჩემთვის.
  ტრენინგის განმავლობაში ჩემს მიერ შეძენილ გამოცდილებას ყოველთვის გავუზიარებ ჩემს კოლეგებს.

ხელმოწერა: სსიპ ქ. ახალციხის №5 საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი  მაია თათეშვილი

თარიღი:  20 ნოემბერი. 2013 წელი

No comments:

Post a Comment